News & Events
კოლეჯ „მოდუსს“ ISATCOV – საერთაშორისო თვითშეფასების ხარისხის ნიშანი მიენიჭა

ევროპის საგანმანათლებლო ფონდის (ETF) მხარდაჭერით, სსიპ კოლეჯ „მოდუსმა” 2024 წლის შემოდგომაზე წარმატებით გაიარა ფართომასშტაბიანი თვითშეფასების პროცესი, რომელიც წარმოადგენს პროფესიული განათლების ხარისხის მართვის მნიშვნელოვან ეტაპს.
პროცესში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა დაინტერესებული მხარის 60-მდე წარმომადგენელმა, რომლებიც წარმოადგენდნენ კოლეჯის ადმინისტრაციას, პედაგოგიურ პერსონალს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, დამსაქმებლებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს.
თვითშეფასების ფარგლებში დეტალურად შეფასდა 70-ზე მეტი კრიტერიუმი, რომლებიც მოიცავდა სასწავლო პროცესის ხარისხს, ინფრასტრუქტურის მდგომარეობას, სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისებს, პედაგოგიური პერსონალის პროფესიულ განვითარებასა და დასაქმების მაჩვენებლებს.
პროცესის დასრულების შემდეგ კოლეჯმა მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი აღიარება. კერძოდ, მომზადდა კოლეჯის განვითარების დეტალური სამოქმედო გეგმა, გაიცა „Open Badges“ სიგელები გუნდის წევრებისთვის და კოლეჯს გადაეცა „ექსელენს სერტიფიკატი.“ აღნიშნული სერტიფიკატი წარმოადგენს ინოვაციურ ციფრულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს კოლეჯ მოდუსის პროფესიულ მიღწევებსა და კომპეტენციებს.
სერტიფიკატის მოქმედების ვადაა სამი წელი, რაც ხაზს უსვამს კოლეჯის გრძელვადიან ვალდებულებას პროფესიული განათლების უწყვეტი გაუმჯობესებისადმი. ეს მიღწევა ადასტურებს კოლეჯის ერთგულებას ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფისა და მუდმივი პროფესიული განვითარებისადმი.