News & Events
“განათლება დასაქმებისთვის” ევროკავშირის პროგრამის ახალი ეტაპი ოფიციალურად დაიწყო
29 ოქტომბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილმა ბატიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) პროგრამის მეორე ფაზა ოფიციალურად გახსნეს, სადაც საქართველოში პროფესიული განათლების მიმართულებით შრომითი ბაზრის შესაბამისობის კუთხით არსებული სიტუაცია, გამოწვევები და პერსპექტივები განიხილეს.
„განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) მეორე ფაზა, გლდანის საზოგადოებრივ კოლეჯში გამოფენით გაიხსნა. გამოფენაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედმა კოლეჯებმა საკუთარი სასწავლო პროგრამები და პროგრამების ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები წარადგინეს.
გამოფენაზე კოლეჯ „მოდუსმა“ ფაბლაბ მოდუსის მიერ სასწავლო პროგრამებისთვის დამზადებული პროტოტიპები და სამკერვალო წარმოების პროფესიული პროგრამის სტუდენტების მიერ შექმნილი კაბები წარადგინა. დამთვალიერებელთა ინტერესი 3D პრინტერით დაბეჭდილმა კაბამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ 3D პრინტერით კაბა პირველად, რეგიონის მასშტაბით კოლეჯ „მოდუსში“ შექიმნა.
„განათლების კომპლექსური რეფორმის განსახორციელებლად, სამინისტრომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან 600 მილიონი ლარი მოიზიდა. ამ კუთხით, დღევანდელი დღეც განსაკუთრებულია, რადგან, პროექტი „დასაქმება და პროფესიული განათლება და გადამზადება“ II ფაზის ფარგლებში, ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა ახალ ხუთწლიანი პროგრამას იწყებენ, რომლის ბიუჯეტი 48.85 მილიონი ევროა (დაახლოებით 156 მილიონი ლარი). უმნიშვნელოვანესია, რომ პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით შესაბამისი უნარებისა და პროფესიული განათლების, სწავლების, მეწარმეობის დარგში არსებული მომსახურების და საგანმანათლებლო შესძლებლობების თანხვედრას, მათ შორის ახალგაზრდებისთვის, ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.