News & Events
კოლეჯი „მოდუსი“ 2025 წელს ორ ექსტრაკურიკულურ პროექტს განახორციელებს

პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით კოლეჯი „მოდუსი” 2025 წელს ორ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს – „ავტო ამფითეატრს” და პროფესიული განათლების სპორტულ ფესტივალს 2025, რომელიც ფეხბურთისა და ფრენბურთის ტურნირებს მოიცავს. ეს უკანასკნელი ხორციელდება სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის” სახელობის კოლეჯთან კონსორციუმის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით.
ინიციატივები მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სისტემაში ჩართული ახალგაზრდების მრავალმხრივ განვითარებას. პროექტები ეფუძნება თანამედროვე საგანმანათლებლო პრინციპებს და ფოკუსირებულია საკვანძო კომპეტენციების გაუმჯობესებაზე, როგორიცაა გუნდური მუშაობა, კომუნიკაცია, პრობლემების გადაჭრა და ლიდერობა.
„ავტო ამფითეატრი” წარმოადგენს ინოვაციურ საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც სტუდენტებს საშუალება ეძლევათ პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ საავტომობილო ინდუსტრიასთან დაკავშირებულ სფეროებში და იმავდროულად განივითარონ მეწარმეობითი უნარები.
პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალი 2025 კი მიმართულია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ. ფესტივალი საქართველოს მასშტაბით ტარდება და აერთიანებს სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს. სპორტული აქტივობების მეშვეობით ხელს უწყობს სტუდენტებს შორის სოციალური კავშირების გაძლიერებას და კულტურათაშორის დიალოგს.
კოლეჯი „მოდუსისა” და სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის” სახელობის კოლეჯის თანამშრომლობა კონსორციუმის ფარგლებში წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სინერგიის კარგ მაგალითს, რაც ხელს უწყობს რესურსების ეფექტიან გამოყენებას და მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებას სტუდენტებისთვის.