News & Events
პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით 1 თვიანი კამპანია დაიწყო
7 ნოემბერს, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით კოლეჯ „მოდუსს“ ვეტერანი რაგბისტები ლექსო გუგავა და ნოდარ ანდღულძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების და ტექნიკური პროფესიული განათლების და ტრენინგის პროგრამის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრას რუსთავის სხვადასხვა სკოლის 70-მდე მოსწავლე ესწრებოდა.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეებს საკუთარი წარმატების ისტორიები ვეტერანმა მორაგბეებმა გაუზიარეს. მორაგბეების განმარტებით, მათი მხრიდან პროფესიებისა და პროფესიონალიზმის მნიშვნელობის ხაზგასმა, დამატებითი სტიმულის მიმცემი იქნება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც საკუთარი მომავლის დაგეგმვას აპირებენ. პრეზენტაციის პროცესში სკოლის მოსწავლეებიც ჩაერთნენ და რაგბისტების მიერ დასმულ შეკითხვებზე საკუთარ აზრს აფიქსირებდნენ.
პრეზენტაციის შემდეგ, 6 გუნდად გაყოფილმა სკოლის მოსწავლეებმა და რაგბისტებმა, კოლეჯის საამქროებში გადაინაცვლეს, სადაც ერთობლივი ძალებით შექმნილი კონსტრუქციებით მცირე ზომის სახლი ააშენეს, დევიზით „ძალა ერთობაშია“. შეხვედრის ბოლოს, კოლეჯის ეზოში 20 კიპარისის ხე დაირგო.
პროექტი „სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის განვითარებისა და ტექნიკური პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (PSD TVET SC) პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება და 10 სხვადასხვა ქალაქში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში გაიმართება.