13 სექტემბერს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული კოლეჯი „მოდუსი” საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაკიძემ და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირინა წეროძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
პირველ ეტაპზე დასრულდა კოლეჯის ძირითადი სასწავლო კორპუსისა და სახელოსნოების სრული რეაბილიტაცია. სასწავლებელი სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის.
მიმდინარე წელს კოლეჯში, ასევე დაიწყება დამატებითი შენობის მშენებლობა, სადაც დაგეგმილია საკონფერენციო დარბაზის, სასადილოს, ფაბლაბისა და თეორიული კლასების ნაწილის განთავსება.
გარდა ამისა, კოლეჯი ემზადება რეგიონის საჭიროებებზე მორგებული დამატებით 10 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის და 20-მდე მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსის დასანერგად, რის შემდეგაც დამატებით 400 სტუდენტი დაეუფლება პროფესიას.