სსიპ კოლეჯი „მოდუსი“ არის ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი ერთადერთი სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ხელს უწყობს რეგიონის შრომითი პოტენციალის გაუმჯობესებას და სწავლით დაინტერესებულ პირებში პროფესიული უნარების განვითარებას.
სსიპ პროფესიული კოლეჯი „მოდუსის“ ისტორია იწყება 1958 წლიდან. ამ პერიოდიდან ფუნქციონირებდა სახელობო სასწავლებელი, რომელიც მდებარეობდა ქალაქ რუსთავში, ბოსტანქალაქის ქუჩაზე. 1975 წელს სასწავლებელს, იურიდიულ მისამართთან ერთად შეეცვალა სტატუსი – მოიაზრებოდა, როგორც მეტალურგიული ქარხნის საბაზო სასწავლებლი და უშვებდა იმ პროფესიის სპეციალისტებს, რომელსაც საჭიროებდა თავად მეტალურგიული ქარხანა. 1987 წელს ის გამოეყო მეტალურგიის ქარხანას და დაერქვა ქ.რუსთავის მე – 3 პროფესიული სასწავლებელი.
2005 წელს სასწავლებელს კვლავ შეეცვალა იურიდიული სტატუსი და გახდა ქ. რუსთავის პროფესიული „ლიცეუმი“, ხოლო 2007 წლიდან 2008 წლამდე ფუნქციონირებდა, როგორც „ქ. რუსთავის „პროფესიული მომზადების ცენტრი“. 2006 – 2007 წლებში განხორციელდა პროფესიული მომზადების ცენტრის სრული რეაბილიტაცია და მისი აღჭურვა თანამედროვე მოწყობილობა-დანადგარებით. ასევე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად დაემატა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები.
2008 წელს სასწავლებელს მიენიჭა პროფესიული კოლეჯის სტატუსი, ხოლო ამჟამად ცნობილი სახელწოდებით – „სსიპ კოლეჯი მოდუსი”- იგი ოპერირებს ქალაქ რუსთავში 2019 წლის 6 მარტიდან.
2014 წელს კოლეჯმა გაიარა პირველი ინტიტუციური ავტორიზაცია არსებული ფართის ფარგლებში, როგორც „პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ“ და მას შემდეგ ყოველწლიურად იმატებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით.
ქ. რუსთავის ლოკაციაზე კოლეჯის მფლობელობაშია ოთხი ძირითადი შენობა-ნაგებობა, მათ შორის უშუალოდ საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება სამ კორპუსში – A და C სასწავლო კორპუსებში და B – სასწავლო საამქროში.
2019 წლიდან დღემდე ქ. რუსთავში არსებული „სსიპ კოლეჯი მოდუსის“ საგანმანათლებლო სივრცე ყოველწლიურად ემსახურება ჯამში 600-ზე მეტ პროფესიულ სტუდენტსა და მსმენელს.
2021 წლიდან კოლეჯის მფლობელობაში გადავიდა თანამედროვე ტიპის სამსართულიანი შენობა-ნაგებობა ახალ ლოკაციაზე ქალაქ მარნეულში, რამაც მნიშვნელოვნად გააფართოვა კოლეჯის საქმიანობის არეალი და დღეის მონაცემებით კოლეჯში „მოდუსი მარნეული“ ხორციელდება შვიდი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა 150-მდე პროფესიული სტუდენტისა და მსმენელისთვის.
2024 წლის მონაცემებით კოლეჯი „მოდუსი“ სრულფასოვნად ოპერირებს ქვემო ქართლის რეგიონის ორ ლოკაციაზე რუსთავსა და მარნეულში და ორივე ლოკაციაზე ჯამში ახორციელებს ოცდაოთხი დასახელების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, მათ შორის ოთხი საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები (ე.წ. ინტეგრირებული პროგრამა).
კოლეჯი ასევე აქტიურად თანამშრომლობს კერძო სექტორთან ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით, რასაც ადასტურებს სხვადასხვა სფეროში მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროგრამების და სასწავლო კურსების შემუშავება და განხორციელება. (13 მომზადება/გადამზადების სახელმწიფო სასერთიფიკატო პროგრამა და 7 არაფორმალური განათლების შიდა სასერტიფიკატო კურსი).